22.08.2014
ჰუალინგ ჯგუფმა "აბრეშუმის გზის" საავტომობილო ექსპედიციის წევრებს მიღება მოუწყო

20-24 აგვისტოს ჰუალინგ ჯგუფი საქართველოში მასპინძლობს მასშტაბურ კულტურულ-ეკონომიკურ მედია ღონისძიებას, საავტომობილო ტური  „მოგზაურობა ათიათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“. ექსპედიციის მიზანია აბრეშუმის გზის ქვეყნების ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურისტული, კულტურული,ისტორიული და სხვ. მდგომარეობის გაცნობა, ჩინეთის მოსახლეობისათვის  პირდაპირი ჩართვების, საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებისა და  ჩანაწერების საშუალებით ქვეყნის წარდგენა. დელეგაცია 20 აგვისტოს ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით  შემოვიდა საქართველოში და 24 აგვისტოს გაემართება თურქეთის მიმართულებით. ოთხი დღის განმავლობაში დელეგაციის წევრები მოინახულებენ საქართველოს ღირშესანიშნავ ადგილებს. გუშინ, 21 აგვისტოს  თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მათ  ჰუალინგ ჯგუფმა მიღება მოუწყო და გააცნო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებსაც საქართველოში ახორციელებს. მათი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, ბაზისბანკში განხორციელებული ინვესტიციაა. შეგახსენებთ, რომ ბაზისბანკი იყო პირველი უცხოური ბანკი, რომელშიც ინვესტიცია ჩინურმა კომპანიამ განახორციელა.

საავტომობილო ექსპედიციის წევრთა მიღებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა. გიორგი მარგველაშვილმა ამ პროექტის მნიშვნელობასა და იმ ისტორიულ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც 2 ათასი წლის წინათ საქართველოსა და ჩინეთს შორის აბრეშუმის გზის გავლით ჩამოყალიბდა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება უცხოური ინვესტიციების ზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის, კულტურის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ერთობლივ მუშაობას და თანამშრომლობას, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.