01.02.2016

ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო

ჩინეთის განვითარების ბანკმა ბაზისბანკს 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. ხაზის მიზნობრიობა საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებაა. აღსანიშნავია, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ჩინურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ამ მიმართულებით დაიწყო თანამშრომლობა ქართულ ადგილობრივ ბანკთან. 

„ბაზისბანკისთვის დიდი პატივია თანამშრომლობის დაწყება ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს და წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტთან - ჩინეთის განვითარების ბანკთან. დარწმუნებული ვარ, ჩვენს კომპანიებს შორის თანამშრომლობა იქნება გრძელვადიანი და ორმხრივად სასარგებლო. აღნიშნული საკრედიტო ხაზის გამოყოფა განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს ქვეყნებს შორის დაწყებული აქტიური თანამშრომლობის ფონზე, ვინაიდან ხელს შეუწყობს და დააფინანსებს ქართული და ჩინური კომპანიების ერთობლივ პროექტებს.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება პრიორიტეტულია საქართველოსთვის, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკის ხელშეწყობით არაერთი პროექტი განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკს აქვს იაფი ფინანსური რესურსის შეთავაზების საშუალება“– განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.

2012 წელს უმსხვილესმა ჩინურმა კომპანიამ „ჰუალინგ ჯგუფმა “ ბანკის აქციათა 90% შეისყიდა, 2014 წლის მიწურულს კი, თავისი წილი 92,78% გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ „ჰულინგ ჯგუფი“ წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ინვესტორს საქართველოში.

ჩინეთის განვითარების ბანკის აქტივების მოცულობა 10 ტრილიონ იუანს აღემატება. ბანკის ფილიალებსა და წარმომადგენლობებში ჩინეთში და მის საზღვრებს გარეთ დასაქმებულია 50 ათასზე მეტი თანამშრომელი. იგი ასევე, ფლობს 4 შვილობილ კომპანიას .


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.