10.10.2019

EFSE-მა (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) ბაზისბანკს 10 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო

ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ბაზისბანკს ლარში ნომინირებული 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსის მიზნობრიობა საცალო კლიენტების დაკრედიტება, კერძოდ, იპოთეკური სესხების გაცემის ხელშეწყობაა.

ხელმოწერის ცერემონია 10 ოქტომბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.

„მოხარული ვართ, რომ ფონდის პარტნიორ ორგანიზაცებს შეემატა ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც ბაზისბანკია. თითქმის 15 წელია, ფონდი უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მეზობელ რეგიონში, მათ შორის საქართველოში კერძო ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზებას. ამ მიმართულებით გრძელვადიანი შედეგის მიღწევა სწორედ ისეთი სტაბილურ პარტნიორებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი, როგორიც ბაზისბანკია. ბანკის ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი გამოცდილებით და ბიზნესისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩვენ საშუალება გვეძლევა ხელი შევუწყოთ მეტი ბენეფიციარის დაფინანსებას.“ აცხადებს EFSE-ის საბჭოს თავმჯდომარე, კრისტოფ ტისკენსი.

„ჩვენს ახალ პარტნიორთან, EFSE–თან თანამშრომლობით შესაძლებლობა მოგვეცა უფრო მეტი რესურსი დავუთმოთ საცალო დაკრედიტებას. EFSE–თან ჩვენი პარტნიორობის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სესხი ეროვნულ ვალუტაში გაიცემა, რაც უდაოდ სასიკეთოა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, ისე ჩვენი კლიენტებისთვის. გვჯერა, რომ ფონდთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული და ხანგრძლივი იქნება.” განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

ბაზისბანკი 1993 წელს დაარსდა და 1.6 მილიარდი ლარის აქტივებით მეხუთე უმსხვილესი კომერციული ბანკია საქართველოში. ბაზისბანკმა გონივრული მენეჯმენტით, მრავალწლიანი გამოცდილებით, მთავარი აქციონერის, ჩინური კონგლომერატის ჰუალინგ ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერითა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სტაბილური ზრდისა და განვითარების სოლიდური ისტორია შექმნა.

 
Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.