13.10.2011
 
კომერცბანკმა ბაზისბანკს საკრედიტო ხაზი გამოუყო

კომერცბანკმა ბაზისბანკს სავაჭრო ოპერაციებისთვის საკრედიტო ხაზი გამოუყო.
აღნიშნული ხაზი ხელს შეუწყობს და მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში ჩართულ კლიენტებს პარტნიორებთან ურთიერთობას.

ბაზისბანკი 19 წელია ოპერირებს საბანკო სივრცეში და პროგრესული და სტაბილური იმიჯით სარგებლობს. მისი მოქნილობა, გამჭვირვალობა და სწორი მენეჯმენტი ინვესტორთა დიდ ინტერესს იწვევს. ბაზისბანკს დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებულ ურთიერთობებში. ერთ-ერთი პირველი, ამ მიმართულებით, ევრობანკთან თანამშომლობა იყო. ბაზისბანკისა და ევრობანკის პარტნიორობა 2007 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ბაზისბანკს გამოუყო 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. 2008 წლის მაისში, პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების სურვილის საფუძველზე, ევრობანკმა განახორციელა ინვესტიცია ბაზისბანკის აქციების 15%-იანი წილის შეძენით. ევრობანკმა ბაზისბანკს ასევე TFP პროგრამის ფარგლებში, ვაჭრობის განვითარების მხარდასაჭერად 2 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ლიმიტი გამოუყო.  ბაზისბანკმა სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადებული ჯგუფის მეშვეობით მრავალი ტრანზაქცია განახორციელა, რის საფუძველზეც, პროგრამის ფარგლებში,  ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ბანკად დასახელდა.
ასევე აღსანიშნავია, OPIC-ისა და „ბაზისბანკის“ თანამშრომლობა. 2009 წლის ბოლოს  აშშ-ის მთავრობის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ ბანკს 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზი გამოუყო. ხაზი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდა.
წარმატებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, OPIC-მა მიიღო ბანკისთვის დამატებით კიდევ  5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საინვესტიციო პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილება.
 
ბაზისბანკი, იყო პირველი ბანკი საქართველოში, რომელთანაც  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების  სააგენტომ განახორციელა ერთობლივი პროექტი, რომლის თანახმადაც, ბაზისბანკმა USAID-სგან 6 მილიონი აშშ დოლარის პორტფელის 50%-ის გარანტია მიიღო. პროექტი ასევე მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენ.
ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და აზიის მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი (WB), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკი (FMO) და სხვა.


Search
© 2011 ბაზისბანკი. ყველა უფლება დაცულია.